Search This Blog

Tuesday 7 June 2011

იაკობ ნიკოლაძე

             ქართული პროფესიული ქანდაკების ფუძემდებელია იაკობ ნიკოლაძე. ქართული რეალისტური ქანდაკების სათავეებთან იდგა აგრეთვე მოქანდაკე ნიკოლოზ კანდელაკი. ქართველ მოქანდაკეთა (ე. ამაშუკელის, მ. ბერძენიშვილის, ზ. წერეთლისა და სხვ.)
საუკეთესო ქმნილებები არა მხოლოდ ეროვნული კულტურის მონაპოვარია.თანამედროვე რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძე დაიბადა ქ. ქუთაისში 1876 წელს. იგი თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი პროფესორი იყო. სწავლობდა მოსკოვში სტროგანოვის ცენტრალურ სამხატვრო სასწავლებელში, შემდეგ ოდესის სამხატვრო სკოლაში. ორი წელი პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში იღებდა განათლებას. ამ პერიოდის მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები "იმერელი გლეხი", დღეს სამწუხაროდ დაკარგულია. 1897 წელს შექმნა შოთა რუსთაველისა და ლადო ალექსი-მესხიშვილის პორტრეტები, რომლებშიც იგრძნობა მხატვრის სწრაფვა ადამიანის შინაგანი სამყაროს გადმოცემისაკენ. 1902 წელს მცირე ხნით პარიზიდან საქართველოში ჩამოვიდა. მიწვეულ იქნა ამიერკავკასიის ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოების მასწავლებლად. აქვე გამოფენის ცენტრალური პავილიონისათვის შექმნა დეკორატიული რელიეფი და ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტების სერია. ამ ნამუშევრებში უკვე გამოჩნდა როგორც პროფესიულად დასრულებული, საკმაოდ მაღალ დონეზე მდგარი მოქანდაკე, თუმცა შემოქმედებით სიმწიფეს მაინც პარიზში, დიდი ფრანგი მოქანდაკის, ოგიუსტ როდენის გვერდით მუშაობისას მიაღწია. ამ პერიოდს ასახავს იაკობ ნიკოლაძის მოგონებათა წიგნი "ერთი წელი როდენთან". მისი პარიზული ნამუშევრები: "ქარი", "ჩრდილოეთის ასული", "მოცეკვავე", "სალომე" ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. სტატიკური, კომპოზიციურად შეკრული, ამავე დროს, პოეტური გამოსახულება დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. იაკობ ნიკოლაძის პორველი დიდი მონუმენტური ნამუშევარი იყო "მწუხარე საქართველო" - ილია ჭავჭვაძის საფლავის ძეგლი, რომელიც 1913 წელს დაიდგა მთაწმინდის პანთეონში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა პორტრეტის ჟანრში. საუკეთესოა 1944 წელს შექმნილი XII საუკუნის ქართველი პოეტისა და მაზროვნის-ჩახრუხაძის პორტრეტი. მას ეკუთვნის ა. წერეთლის, ივ. ჯავახიშვილის, ი. ბერიტაშვილის, შ. ამირანაშვილისა და სხვა პორტრეტები. ორჯერ იყო დაჯილდოებული ლაურეატის ოქროს მედლით. გარდაიცვალა თბილისში 1951 წელს. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

No comments:

Post a Comment